დისპორტის და ბოტოკსის ინექციები ( ჰიპერჰიდროზი)

ჰიპერჰიდროზი ანუ ჭარბოფლიანობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. სველი შუბლი, სველი ზედა ტუჩი, სველი იღლიები, სველი ფეხის გულები, სველი ხელის გულები, ოფლის ლაქები ტანსაცმელზე და მუდმივი ოფლის სუნი- ოსმიდროზი, მკვეთრად აუარესებს ადამიანის ცხოვრების რიტმს.

ჰიპერჰიდროზი - ,,ჰიპერ’’ მომატებული, ,,ჰიდრო’’ წყალი. მომატებული ჭარბოფლიანობა – არის პათოლოგიური მდგომარეობა. ინტენსიური ოფლიანობა შეიძლება დაიწყოს მცირე მღელვარების ან გახარების, სიცივის ან სითბოს დროსაც კი, რაც შეიძლება გადაიზარდოს გაცილებით სერიოზულ პრობლემაში, როგორიცაა ნევროზი და დეპრესია, რომელსაც თავის მხრივ მოჰყვება კასკადი სირთულეების, წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში თუ სამსახურში.

ლოკალური ჰიპერჰიდროზის - იღლიების, ხელისგულების, ფეხისგულების ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ ექიმები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდს: ბოტოქსის/დისპორტის კანქვეშა ინექციებს.

ბოტოქსი/დისპორტი არის ერთი და იგივე პრეპარატის, - ”ა” ტიპის ბოტულინის ტოქსინის სხვადასხვა საფირმო დასახელება. ბოტოქსს აწარმოებს ფირმა ALLERGAN (აშშ), ხოლო დისპორტს - BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL (საფრანგეთი).

ბოტოქსის/დისპორტის მიკროსკოპული დოზები ახდენს ლოკალური საოფლე ჯირკვლების ფუნქციების დროებით შეჩერებას. ეფექტი ნარჩუნდება 6-12 თვის განმავლობაში. ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულებრივად გრძელდება, სამაგიეროდ აღარ არსებობს ჰიპერჰიდროზის პრობლემური უბნები.
ბოტოქსის/დისპორტის ინექციები ასევე გამოიყენება შუბლისა და ზედა ტუჩის არეზე ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ.

როდესაც ვსაუბრობთ ჰიპერჰიდროზზე, უნდა განვასხვავოთ ორი მდგომარეობა - ზოგადი და ლოკალურად მომატებული ოფლის გამოყოფა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვგულისხმობთ ლოკალურ, ესენციალურ ჰიპერჰიდროზს.

მრავალრიცხოვანი კვლევები გვიჩვენებს, რომ იღლიების, ფეხებისა და ხელების გაძლიერებული ოფლდენა – სტრესის ინდიკატორებია. სწორედ ამ ზონის საოფლე ჯირკვლები რეაგირებენ ადრენალინზე გაოფლილი ხელისგულებით, ტერფებით და იღლიებით, მაგრამ სხეულის გაძლიერებულ ოფლდენაში ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ იგი თავად წარმოადგენს სტრესის მიზეზს და გაძლიერებულ ოფლდენას იწვევს – ამგვარად, იქმნება შეკრული წრე.

პროცედურა

თავდაპირველათ ყველა პაციენტს უტარდება მინორის ცდა - პრობლემური ზონები (იღლიის ფოსო, ხელის გულები, ფეხის გულები) მუშავდება იოდის (წყალხსნარით) და კრახმალით. ჭარბი ოფლის გამოყოფის ადგილი ფერულდება ღია ცისფერი ან შავი ფერით. ხდება პრობლემური ზონის მარკირება და ბოტულოტოქსინი -A-ს -დისპორტი/ბოტოქსი - ის მიკრო ინექციები.

პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30 წთ.

დამუშავებულ ზონაზე წყდება ოფლის გამოყოფა და პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში.

დამუშავებული ზონების ოფლიანობა მნიშვნელოვნად მცირდება 1-2 დღის შემდეგ; ოფლიანობის შეწყვეტისთვის კი 7 – 14 დღეა საჭირო.

პროცედურის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება, საუნის პროცედურები, ანტიბიოტიკების მიღება.

პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 
უკან დაბრუნება